თუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო მერიის ცენტრალური კარი ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარი გააღოს

თუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო მერიის ცენტრალური კარი ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარი გააღოს

მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას შეხვედრისკენ მოუწოდებენ და რამდენიმესაათიან ვადას აძლევენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, აქციის წევრები არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე ნარმანია მათ არ შეხვდება.

”ხელისუფლება სისულელეს სისულელეზე აკეთებს, დანაშაულს დანაშაულზე სჩადის. ხელისუფლებამ დღეს ჩაიდინა მორიგი დანაშაული, როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციის კარი ჩარაზა და ცოცხალი კედელი აღმართა დაცვისა პოლიციელების მეშვეობით. უკანონო დავალებას ასრულებს აქ რამდენიმე ათეული პოლიციელი.

თუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო, მერიის ცენტრალური კარები ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარები გააღოს. ჩვენ, ბუნებრივია, ვაძლევთ რამდენიმე საათს დავით ნარმანიას, ან ჩამობრძანდეს, ან აქ შეკრებილი ხალხი, ეს ზვავი აზვირთდება, უამრავი ადამიანი მოვა და ვინ დაკეტავს და ვინ გააღებს კარებს, ამას თავად ნარმანია უშუალოდ დაინახავს ივანიშვილთან ერთად. ფეხს არ მოიცვლის აქედან არავინ, სანამ არ ჩამობრძანდება ნარმანია, ან საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არ მიიღებს. გადალახა ნარმანიამ რუბიკონი, შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლისთვის”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელია შენობაში შესვლას მოითხოვდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.