საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სხვა მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა და თავისუფლება გარანტირებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სხვა მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა და თავისუფლება გარანტირებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სხვა მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა და თავისუფლება საქართველოში ისედაც გარანტირებულია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდეს.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოგმატურად, სამართლებრივად და იურიდიული კუთხით მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ ასეთი ჩანაწერის გაკეთება ლოგიკური არ იქნება.

“ზოგადად, მედიის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ისედაც გარანტირებულია როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე სხვა მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა დოგმატურად, სამართლებრივად და იურიდიული კუთხით. მარტო საზოგადოებრივი მაუწყების გამოყოფა არა მგონია, ლოგიკური იყოს, რადგან, ისედაც, დამოუკიდებლობა და თავისუფლება მედიის არის გარანტირებული როგორც კონსტიტუციით, ასევე ფაქტობრივად. ამის მაგალითია ისიც, რომ ამდენი არხი და მაუწყებლობა არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. აღნიშნულ ინიციატივას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ.

"ჩვენი ინიციატივაა, რომ კონსტიტუციაში აისახოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონსტიტუციური გარანტია, რათა მან საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური პრობლემები გადმოსცეს და თავისუფალი იყოს სახელმწიფო და კომერციული გავლენისგან", - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლება, რომ ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური და კომერციული ჩარევისგან.