თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, დღეს იგეგმება ასევე საკრებულოში, საკრებულოს წევრების სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, რათა ქალაქის მთავრობა აიძულონ, აღნიშნული თანხა კვლავ ქალაქის ბიუჯეტს დაუბრუნდეს.
„საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში იმართება აღნიშნული აქცია, რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში მერია არ გამოეხმაურა მოსამართლე ნატა ნაზღაიძისათვის გადაცემულ ქონების ამბავს. თბილისის მერის მოადგილე ალთას არის, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბალთას, ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ, ვინაიდან ხალხის ფულით დაფინანსდა ნაზღაიძის ოჯახი, მოვითხოვთ, რომ აღნიშნული თანხა კვლავ ქალაქის ბიუჯეტს დაუბრუნდეს“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც იმყოფებიან.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით თანხა და უძრავი ქონება გადასცა. ოპოზიციის მტკიცებით, ქონება, რომლის სანაცვლოდაც კომპენსაცია გაიცა ზვიად ნაზღაიძეს 2013 წლიდან აღარ ეკუთვნოდა, თუმცა ამის მიუხედავად მან კომპენსაცია მაინც მიიღო