საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მამა გიორგი მამალაძის დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობია

საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მამა გიორგი მამალაძის დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობია

საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მამა გიორგი მამალაძის დაკავების მიზეზები უცნობია. ”ინტერპრესნიუსი” საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელსა და მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიიდან იგებენ და დამატებითი ცნობები არ აქვთ.

”მედიით ვიგებ ამბებს - რასაც თქვენ იგებთ, მეც იმას ვიგებ, მეტი არაფერი ვიცი. მე ვინ რას მეტყვის პროკურატურაში?”, - აღნიშნა პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საქმის ვითარება უცნობია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილისთვისაც.

”არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არც მეუბნებიან. გუშინ საუბარი მქონდა მდივანთან და მანაც არაფერი იცის. ჩვენთვის არ უცნობებიათ”, - აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

ამასთან, სასულიერო პირებისთვის ასევე უცნობია, საპატრიარქოს დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვის მიზეზებიც.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, თბილისის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა, თუმცა ახლა ისევ ბერლინში იმყოფება.