პარიზში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა გუშინ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უმჩატეს წონით კატეგორიაში ეს ამირან პაპინაშვილმა შეძლო, 66 კგ-ში კი - ვაჟა მარგველაშვილმა.
ამირან პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან წააგო, რეპეშაჟში კი ფრანგ ვინსენტ ლიმარეს დამარცხების შემდეგ, სამხრეთკორეელ ჩანიეონგ კიმს ვაზარით აჯობა.
1/4 ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილიც. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან მონღოლ ხერლენ განბოლდთან ვაზარით გაიმარჯვა.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ფრიდონ გიგანმა პირველივე ორთაბრძოლა დათმო.
12 თებერვალს ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე გავლენ: თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ), ვალერი ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური (100 კგ) და მძიმეწონოსნები: გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი.