ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი "საყოფაცხოვრებო სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა, დაახლოებით, 22:00 საათზე გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ წუთებში კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურება-დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.