ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო.

ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენჯერმე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა.

”საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო. სასამართლოს იმ შემადგენლობაზე, რომელიც გადაწვეტილებას აწერს ხელს, მერაბ ტურავას გარდა, მე ვთქი, რომ ამზადებდნენ საკონსტიტუციო რევოლუციას. სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა. მე არ მაქვს იმ კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისადმი ნდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შესრულდეს ეს გადაწყვეტილება - ჩვენი ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას როგორც მოცემულობას ვიღებთ და ვცვლით ისე, როგორც ეს არის საერთო სტანდარტი ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს. ინიცირებული პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე წარადგინა.