პორტატული მოწყობილობა შეიძლება შეიძინოს მდიდარმა ადამიანმა და განახორციელოს უკანონო მოსმენა

პორტატული მოწყობილობა შეიძლება შეიძინოს მდიდარმა ადამიანმა და განახორციელოს უკანონო მოსმენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ფარული მოსმენის პორტატული მოწყობილობა შეიძლება შეიძინოს მდიდარმა ადამიანმა და განახორციელოს უკანონო მოსმენა, - ამის შესახებ ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია ფარული მიყურადების არაკანონიერი გზით განხორციელება.

„რაც შეეხება იმას, უკანონოდ თუ უსმენენ. თქვენ ძალიან მდიდარი ექსპრეზიდენტი გყავთ გუნდის ლიდერად და მას შეუძლია თავისი ფინანსებით შეისყიდოს აპარატურა, რომლის ფასი 200 000 დოლარიდან იწყება და რომელსაც შეუძლია მოუსმინოს სტაციონარული წესით“, - განაცხადა ბესელიამ.

რომან გოცირიძემ მომხსენებელს დარბაზიდან რეპლიკით მიმართა და სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გაახსენა.

„სხვის პირად ფინანსებს ნუ დაითვლით, ბატონო რომან. ის, ვისაც თქვენ გულისხმობთ, მაგრამ არასწორად მოიხსენიებთ, თავის პირად ფინანსებს ქვეყანას ახმარს და არა საკუთარ თავს. ასეთი პორტატული მოწყობილობა შეიძლება შეიძინოს მდიდარმა ადამიანმა და განახორციელოს მოსმენა, ამას აკეთებდნენ კიდეც თქვენი ძველი მეგობრები თუ ახლებიც, არ ვიცი, მაგრამ ეს არის უკანონობა და დასჯადი ქმედებაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.