მე ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.
გოცირიძის თქმით, მან იცის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენებს ადგილი აქვს.
„მე მაქვს ასეთი შეკითხვა, დღეს ახორციელებენ თუ არა შესაბამისი ორგანოები უკანონო მოსმენებს? თქვენ, ალბათ, მეტყვით, რომ არა. მე ვიცი, რომ ხდება უკანონო მოსმენები. ვის უფრო დაეჯერება, ეს განსაზღვროს საზოგადოებამ და ალბათ, იმათ უნდა დაასაბუთონ რომ არ უსმენენ, ვის მიმართაც ჩვენ გვაქვს ეჭვი. თუ თქვენ იტყვით, რომ დღეს ყველაფერი ხდება წესიერად და არავის უსმენენ, მაშინ ეს სტრუქტურა, რომელიც დღეს არსებობს, რატომ უნდა შეიცვალოს? - იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ? თუკი არ უსმენენ, ეს იქ დასაქმებული ადამიანების პირადი პატიოსნებიდან გამომდინარეა თუ დღეს არსებული სტრუქტურის გამართული მუშაობით? რაც თქვენ აჩვენეთ, საკმაოდ ლამაზი სქემა იყო, რომელიც ეხებოდა კანონიერად ინიცირებული მოსმენების ინიცირებას და კონტროლს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ უკანონოდ განხორციელდეს მოსმენები, უბრალოდ დაჯდეს ადამიანი პულტზე და ყოველგვარი ამ მექანიზმებს გვერდი აუაროს და უსმინოს რამდენიც უნდა. მე ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს, დაჯდება და ინფორმაციებს იწერს ტელეფონში, გინდ დამიჯერეთ, გინდ - არა. ეს არის დღევანდელი რეალობა“, - განაცხადა გოცირიძემ.
ეკა ბესელიას თქმით, თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს.
„თუ ასეთი ინფორმაცია გაქვთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში უკანონო ჩარევა ხდება და უსმენენ, ეს შეყვარებული იქნება თუ საძულველი ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, უნდა აცნობოთ შესაბამის სამსახურებს. ფაქტებით საუბარი არის გაცილებით რაციონალური, ვიდრე ეჭვებით საუბარი, თუმცა ეს ეჭვებიც მესმის, ამისგან გათავისუფლება საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება ისეთ მძიმე ფონი იყო წლების წინ“, - აღნიშნა ბესელიამ.