გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერის ”არა მედიაზე შტურმს” გაკვრას გამოეხმაურა.
განცხადება კობახიძემ სხდომის დაწყებისას გააკეთა.
”იყო თხოვნა, ჩავრეულიყავი და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსფარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. რეგლამენტის თანახმად, არა მაქვს უფლება გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, გაღმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავ. მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, სხვადასხვა ტიპის ტრანსფარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან”, - განაცხადა კობახიძემ.
„ევროპული საქართველოსთვის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით “არა მედიაზე შტურმს” გააკრა.
დეპუტატის თქმით, ეს არის პროტესტის ერთგარი ფორმა და ის სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წინააღმდეგობას გამოხატავს.