უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფება არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
”უპირველეს ყოვლისა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს შეიკრიბა „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა არხის გადარჩენის პროცესში. დღეს მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის გადარჩენის პროცესი და საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ რომ დავიცვათ ტელეკომპანია და სიტყვის თავისუფლება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 თებერვლის ჩათვლით ხელისუფლების ზეწოლის შედეგად უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას.
აქციაში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც შედის 8 პარტია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის აქციაზე იმყოფებიან პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, გია თორთლაძე და სხვები.