არჩილ თალაკვაძე - მე არავინ დამკავშირებია, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია

არჩილ თალაკვაძე - მე არავინ დამკავშირებია, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია

მე არავინ დამკავშირებია, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რა მიზეზით თქვა უარი მმართველმა გუნდმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვის თაობაზე. 

როგორც თალაკვაძემ პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ უთხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებზე უარი.

„არ ვიცი. დღეს იქნება დებატები ამის შესახებ. მე არავინ დამკავშირებია. პრეზიდენტს ჩემთან თხოვნა არ ჰქონია შეხვედრის. ბუნებრივია, არ არსებობს ასეთი ფორმატიც, უმრავლესობის წევრი შეხვდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, პრეზიდენტი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს უნდა შევხვდე და ვესაუბრო ამაზე. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ ღამით დაურეკეს ფრაქციებს და ფრაქციებმა უარი უთხრეს პრეზიდენტს. ასეთი კომუნიკაციის ფორმა გაუგებარია ჩემთვის. თუ ამაზე იქნება მეტი კომენტარი გასაკეთებელი, გააკეთებენ ფრაქციების წარმომადგენლები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამით უმრავლესობამ უარი თქვა კონსულტაციებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.