თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
პარლამენტში ინიცირებული პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე წარადგინა. 18-კანონპროექტისაგან შედგარი საკანონმდებლო პაკეტიდან ბესელიამ ძირითადი ყურადღება იმ პროექტზე გაამახვილა, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
დღესვე განხილვა გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რის შემდეგაც საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.
მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა.
სატელეფონო კომინიკაციის, კავშურგაბმულობის და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება. კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.
პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.