კოკა გუნცაძის განცხადებით, ძალაუფლების უზურპაციის გზით ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური კონკურენტები ჩამოიშოროს და არათანაბარ გარემოში ჩაატაროს მომავალი არჩევნები.
„ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, კონსტიტუციით დაშვებული ყველა მეთოდით უახლოეს არჩევნებზე გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. კერძოდ, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კარდაკარ შემოვლის გზით ამომრჩეველთა ერთიანი სია დავაზუსტოთ, რადგან ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას არ ვენდობით. ჩვენ გავაკონტროლებთ საზღვარგარეთ წასული ჩვენი თანამემამულეების რაოდენობას, მიცვალებულებს, რომლებიც ჯერ კიდევ სიებში არიან, ასევე დაუდგენელ, ანუ ე.წ. „მიწერილ“ პირებს, გავასუფთავებთ სიას, შევაგროვებთ ამ ფაქტებს და შემდეგ ამ მონაცემებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასეთი უზუსტობების წინააღმეგ კამპანიას ვაწარმოებთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ თავის დროზე მივიღოთ აკრედიტაცია, ყველა საარჩევნო უბანზე მოვამზადოთ ჩვენი დამკვირვებლები და არჩევნების დღეს ხმის მიცემის, ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურას დავაკვირდეთ“, - აცხადებს კოკა გუნცაძე.
მისი თქმით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომიისგან „ამომრჩეველთა ლიგამ“ უბნების და ოლქების მიხედვით დალაგებული ამომრჩეველთა სიები მოითხოვა, ანუ ის სიები, რომლებიც გადამოწმებას ექვემდებარება. სწორედ ამ სიებით უნდა იარონ „მომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლემა კარდაკარ და დააზუსტონ სია.
გუნცაძის თქმით, „ამომრჩეველთა ლიგას“ ჰყავს უამრავი მოხალისე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და თავიანთი არჩევანის დაფიქსირება სურთ. ამიტომ მოხდება მათი გადამზადება და სწორედ ისინი მიიღებენ მონაწილეობას „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ დაგეგმილ კამპანია კარდაკარში. კამპანიის მიმდინარეობისას ჩატარდება ყოველკვირეული ბრიფინგები, სადაც „ამომრჩეველთა ლიგა“ საზოგადოებას კამპანიის მიმდინარეობის და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. აქვე კოკა გუნცაძე განმარტავს, რომ კარგი იქნება, თუკი მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზები ამომრჩეველთა სიების დამზუსტებელი კომისიის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს დაემთხვევა, მაგრამ გუნცაძის თქმით, მას აქვს საფუძველი გარკვეული ეჭვები ჰქონდეს ამ კომისიის მიზნებთან დაკავშირებით.
კოკა გუნცაძე ამბობს, რომ თავისუფალ არჩევნებსა და ამომრჩეველს შორის მთავარი ბარიერი არის შიში, ხოლო მისი დაძლევის მთავარი ინსტრუმენტი არის საყოველთაო სოლიდარობა. საყოველთაო სოლიდარობის ნიმუშად გუნცაძე ფონდ „ქომაგის“ საქმიანობას მიიჩნევს. მისი თქმით, საყოველთაო სოლიდარობა არის ის ძალა, რომელიც ყველა ადამიანს არსებული შიშის გადალახვის და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. კოკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ ყველა იმ ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით, ვისაც საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება სურს, შესაძლებელია საზოგადოებაში არსებული შიშის გადალახვა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
presage.tv -ს კითხვაზე, აპირებს თუ არა „ამომრჩეველთა ლიგა“ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, გუნცაძე პასუხობს, რომ იმ ფორმატში, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობა ითვალისწინებს, „ამომრჩეველთა ლიგა“ პოლიტიკურ პარტიებთანაც ითანამშრომლებს. იგულისხმება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა მედიაში არსებული პრობლემები, პოლიციის მუშაობა, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ.
გუნცაძე აცხადებს, რომ „ამომრჩეველთა ლიგა“ 27 მაისს „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდება, მაგრამ ეს იქნება არა კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილოება, არამედ უბრალოდ პროტესტის გამოხატვა არსებული ვითარების წინააღმდეგ.
რაც შეეხება „ამომრჩეველთა ლიგის“ დაფინანსების საკითხს, კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ პატიოსანი და კეთილი ადამიანები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და სასიკეთო ცვლილებები სურთ და სწორედ ასეთი ადამიანები აფინანსებენ „ამომრჩეველთა ლიგას“. კოკა გუნცაძე უარყოფს მისი ორგანიზაციის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებას, მაგრამ არც იმას აკონკრეტებს, ვინ არიან „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფინასებელი პატიოსანი ადამიანები.