გამოკითხული ფრანგების 70% თვლის, რომ „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა უარი უნდა განაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნულს ცხადყოფს კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
რესპონდენტთა 79%-მა განაცხადა, რომ პრესკონფერენციაზე, სადაც ფრანსუა ფიიონმა მეუღლესთან დაკავშირებული სკანდალის ირგვლივ ახსნა-განმარტება გააკეთა, ისინი ვერ დაარწმუნა.
შედეგად, გამოკითხულთა 70%-მა და მემარჯვენეების მხარდამჭერების 53%-მა განაცხადა, რომ ფრანსუა ფიიონმა უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 74%-ს „ცუდი წარმოდგენა“ აქვს ფრანსუა ფიიონზე.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ფრანსუა ფიიონი უარს იტყვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით (50%) ის ალენ ჟუპემ უნდა ჩაანაცვლოს.
ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ყველა გამოკითხვების თანახმად ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების უპირობო ფავორიტი იყო. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გახმაურდა მის მეუღლესთან დაკავშირებული საქმე. როგორც გაირკვა, ფრანსუა ფიიონს პარლამენტარობის დროს თავისი მეუღლე პენელოპა ფიიონი ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული როგორც თანაშემწე, რაშიც ათი წლის განმავლობაში 500 000 ევრო მიიღო.