ფიქრია ჩიხრაძე - უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვაზე უარი თქვა

ფიქრია ჩიხრაძე - უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვაზე უარი თქვა

ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამით უმრავლესობამ უარი თქვა კონსულტაციებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.

„ამ პროექტში ბევრი პრობლემა კიდევ არის ჩარჩენილი. ჩვენ გვქონდა სხადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები ამ საკითხზე და გადავწყვიტეთ, რომ პირველ მოსმენამდე, ვიდრე პლენარულ სხდომაზე დაიწყება საკითხის განხილვა, გაგვემართა კონსულტაციები ფრაქციებთან და მიგვეწოდებინა მათთვის შესაბამისი მოსაზრებები. ოპოზიციურ ფრაქციებთან შეთანხმება მიღწეულია და დანიშნულია ეს შეხვედრები. რაც შეეხება უმრავლესობის ფრაქციებს, სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით უარი თქვეს კონსულტაციებზე. მიზეზი არ ვიცი. არის ხოლმე პრეტენზია, თითქოს წინასწარ არ ვეუბნებით, რომ შენიშვნები გვაქვს. როდესაც ვიწყებთ წინასწარ ამ საუბარს, გვეუბნებიან, რომ თურმე არ არის საჭირო ეს კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარლამენტი დღეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. 18 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს თავდაპირველად თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ამის შემდეგ განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. საკითხი დღესვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.