აშშ-ის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე.
„სასამართლოში შეხვედრამდე. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ეს ძალიან, ძალიან სერიოზული სიტუაციაა. იმედი გვაქვს მოსარჩელეებს სასამართლოში შევხვდებით. ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ. სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შემდეგი იურიდიული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს საკითხი იუსტიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელ ჯეფ სეშნსთან ჯერ არ განუხილავს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ „სწავლობენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ“.