მიხეილ ჯანელიძემ სენატორ ბობ კორკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

მიხეილ ჯანელიძემ სენატორ ბობ კორკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატში შეხვედრებს განაგრძობს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან შეხვედრის დროს. სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკელი კანონმდებლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ყველა იმ საკითხისადმი, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უსაფრთხოებას ეხება. დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა.

მინისტრმა სენატორს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ. გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მიხეილ ჯანელიძემ სენატორი საქართველოში მოიწვია.