ბაშარ ალ-ასადი - სირიელ დევნილებს შორის ზოგიერთი უდავოდ ტერორისტია

ბაშარ ალ-ასადი - სირიელ დევნილებს შორის ზოგიერთი უდავოდ ტერორისტია

სირიელ დევნილებს შორის ზოგიერთი უდავოდ ტერორისტია, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა Yahoo News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებასთან დაკავშირებით, რომლითაც სირიელი დევნილების მიღება შეჩერდა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ეს „ამერიკის საქმეა“. 

კითხვაზე, არიან თუ არა სირიელ დევნილებს შორის ტერორისტები, სირიის ლიდერმა დადებითად უპასუხა.

„თქვენ ეს ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ. სირიაში მყოფი ტერორისტები, რომლებსაც იარაღი უკავიათ ან ხალხს კლავენ, მერე მშვიდობიან დევნილებად გვევლინებიან ევროპაში ან დასავლეთში“, - განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა. 

მისივე თქმით, მან არ იცის დევნილებს შორის არსებული ტერორისტების ზუსტი რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ „საშინელებების ჩადენას არ სჭირდება ტერორისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა“.

„გაიხსენეთ 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში. ის ტერაქტი 20-მდე ადამიანმა განახორციელა. საუბარი რაოდენობაზე კი არა, არამედ ხარისხზე და განზრახვაზეა“, - დასძინა სირიის ლიდერმა.