ლევან ბოძაშვილი - მნიშვნელოვანია არ დაკნინდეს ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უნდა ჰქონდეს

ლევან ბოძაშვილი - მნიშვნელოვანია არ დაკნინდეს ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უნდა ჰქონდეს

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით არც თუ მარტივი ამოცანის წინაშე დგას კანონმდებელი, დასაცავია სამი სახის ბალანსი - ეროვნული უსაფრთხოებისა და ამ მიმართულებით პრევენციული ეფექტური ღონისძიებების გატარების საშუალებების უზრუნველყოფა შესაბამისი სამსახურებისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და კერძო საკომუნიკაციო კომპანიების სამეწარმეო და მათი მომხმარებლების ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე კომენტირებისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

ამავე დროს, ბოძაშვილის თქმით, „გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონის მიღების ის სულისკვეთება და ვადები, რაც ამ გადაწყვეტილებით არის ნაგულისხმევი საკანონმდებლო ორგანოსთვის“. 

„შესაბამისად, გადამეტებული სიჩქარე ამ პროცესში შეიძლება სწორედაც რომ დაგვიანებისა და სამომავლოდ არაერთი სასამართლო სარჩელის საფუძველი გახდეს. ამდენად კარგი იქნება, თუ საკანონმდებლო პროცესში მაქსიმალურად გასწორდება ის ხარვეზები, რომელიც წარმოდგენილ პაკეტს, ისევე როგორც ზოგადად ამ მასშტაბის პაკეტებს ბუნებრივად ახლავს თან. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის მოსაზრებებიც, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს, კომპანიებსა თუ ცალკეულ პირებს აქვთ კანონპროექტზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინსტიტუციური ადგილი, რომელიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, არსებით პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც, შემოთავაზებული მოდელი არსებულ ვითარებაში შეიძლება ყველაზე ეფექტურიც აღმოჩნდეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად იმ დათქმით, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პრეროგატივა ექნება პრემიერ-მინისტრს, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს მომსახურებით შეიძლება პოტენციურად ისარგებლოს აღმასრულებელი შტოს სხვა დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანოებმა და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მხრიდან სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი ამ ორგანოს უფრო მეტ ჰორიზონტალურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობას მიანიჭებდა. 

იმედი მაქვს, რომ პარლამენტის კომიტეტები ახლა და შემდეგ მოსმენების პროცესშიც ამ სახის არსებით და სხვა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებს გაითვალისწინებს“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.


გარდა ამისა, მისი განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია ისიც, რომ „უაღრესად ტურბულენტური უსაფრთხოების გარემოს პირობებში, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა როგორც რეგიონში, ისე გლობალურად, მომეტებული ტერორისტული საფრთხეების ეფექტური პრევენციის უზრუნველსაყოფად, არ დაკნინდეს ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უნდა ჰქონდეს“. 

„ასევე გასათვალისწინებელია ის თანამშრომლობაც, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში არსებობს და ჩვენი სამსახურებიც ადეკვატურად უნდა იყვნენ მზად ამ თანამშრომლობის ეფექტურად განსახორციელებლად. ბოლო წლებია მთელს მსოფლიოში არსებული ტენდენცია უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებისა სახეზეა, სწორედ მომეტებული არატრადიციული, ჰიბრიდული თუ სხვა სახის საფრთხეების გამო. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ბალანსი დასაცავია და მიღწევადი ამ საკანონმდებლო პაკეტის პირობებში“, - აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.