„შეტევა ნაზღაიძეზე ეს არის იმ საერთო კამპანიის ნაწილი, რომელსაც წინა თვეებში სხვა მოსამართლეების მიმართ ახორციელებდნენ“

„შეტევა ნაზღაიძეზე ეს არის იმ საერთო კამპანიის ნაწილი, რომელსაც წინა თვეებში სხვა მოსამართლეების მიმართ ახორციელებდნენ“

„ოპოზიციას ჰქონდა ვითომ და ბრალდებები, რომლებიც სინამდვილეში აღმოჩნდა მოკლეფეხებიანი ტყუილი.  გაირკვა, რომ აღნიშნული კომპენსაცია არა ნაზღაიძის ძმას არამედ ვინმე მესაკუთრე ჩოხელს აქვს მიღებული, რომელსაც ეკუთვნის სინამდვილეში ეს ნაკვეთი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ„რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე შეტევა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კამპანიის ნაწილი.

„ჩვენ გვიმყარდება ვარაუდი, რომ შეტევა ნაზღაიძეზე ეს არის იმ საერთო კამპანიის ნაწილი, რომელსაც წინა თვეებში სხვა მოსამართლეების მიმართ ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი გვიმყარებს ვარაუდს, რომ შესაძლოა ხორციელდება ორი მოძრაობის მხრიდან ჩარევის მცდელობა სასამართლო ხელისუფლებაში. სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. მათ სურთ გადაწყვეტილება არ მიაღებინონ სასამართლოს ობიექტური, არამედ მიაღებინონ როგორმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისეთი როგორიც მათ აწყობთ.

ნაზღაიძის ამბავი დიდი ალბათობით, მათ მოიგონეს მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღება გადაეტანათ რეალური შეკითხვბისგან, რომელიც მათ მიმართ აქვს პროკურატურას და საზოგადოებას. მათ პასუხი უნდა გასცენ, რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გვარამია ახვლედიანთან, სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც თავადვე დაადასტურა, რომ მანვე ჩაწერა ფარულად. რა სატელეფონო კავშირი აქვთ?! რა მუქარებს უთვლიან?! რა შეთავაზებებს იმ ორ მოსამართლეს?! და საერთოდ რა კავშირი აქვთ სასამართლოსთან?!", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აფსურდულად მიიჩნევს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძნა ივანიშვილისგან და ხელისუფლებისგან მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის ვინმესთვის გადარიცხვას.

„სრული აფსურდია და ბავშვიც კი არ დაიჯერებს იმას რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას მერიის ბიუჯეტიდან და სტიქიის  ფონდიდან  სურდა ვინმესთვის რაიმე ოდენობით თანხის გადახდა. ბიძნა ივანიშვილმა 17 მილიონი თავად შესწირა და გადაურიცხა სტიქიის ფონდს. ვისი მოკლე ჭკუის ნაყოფია, რომ თითქოს ადამიანმა რომელმაც 17 მილიონი აჩუქა მერიას, რომ დახმარებოდა დაზარალებულ მოქალაქეებს, 1 მილიონი გადაურიცხა ვიღაცას მერიის ბიუჯეტიდან. რაში სჭირდებოდა?! თუ უნდოდა ვინმესთვის რამის გადახდა თავად ვერ შეძლებდა?! ეს ყველაფერი არის აფსურდი. ეს ყველაფერი ვერანაირ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ისინი ცდილობენ სასამართლოს დისკრედიტაციას, მხოლოდ იმისთვის რომ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - აღნიშნა თალაკვაძემ.