საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის გადაცემები, რომლებიც ნორმალურ პირობებში ბევრად უფრო რეიტინგული იქნება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის გადაცემები, რომლებიც ნორმალურ პირობებში ბევრად უფრო რეიტინგული იქნება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის გადაცემები, რომლებიც ნორმალურ პირობებში ბევრად უფრო რეიტინგული იქნება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს ბორდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ვასილ მაღლაფერიძეს ამ კონტექსტში კონკრეტული გადაცემები არ დაუსახელებია. ”ამ გადაცემებს დღეს დაბალი რეიტინგი აქვთ, არა იმის გამო, რომ ეს გადაცემები არ ვარგა, არამედ, საერთო წარმოება და ეს ბადე არის ძალიან მძიმე ტვირთი ტელევიზიისთვის. მე ვამბობ ამის შემსუბუქებას. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ რა რაოდენობას აწარმოებენ სხვა ტელევიზიები და რა რაოდენობას აწარმოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე ვამბობ ამის ოპტიმიზაციას და ზუსტად წარდგენას. ახლაც გეუბნებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის გადაცემები, რომლებიც ნორმალურ პირობებში იქნება ბევრად უფრო რეიტინგული. თავისუფლად შეიძლება ძალიან მოკლე ხანში, დახლოებით ორ წელიწადში საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ლიდერი ტელევიზია რეიტინგებითაც და კვლევებითაც. ეს არის სრულიად დაძლევადი ამოცანა”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება შეჩერების გარეშე, ეტაპობრივად განვითარების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას, მაღლაფერიძის თქმით, ეს არის ფინანსებზე დამოკიდებული.

”ჩვენ ვთქვით, რომ თუ მთლიანად შეჩერდება, ეს იძლევა 15 მილიონის ეკონომიას. რა საკვირველია, შესაძლებელია მოხდეს ცვლილება, ეს არის ფასთან მიმართებაში. დავტოვებთ რაღაც რაოდენობის გადაცემას, ოღონდ ამას სჭირდება კრიტერიუმები, რომელიც ასევე არ არსებობს და ესეც უნდა შემუშავდეს და ესეც სამეურვეო საბჭომ და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, რომელი გადაცემა რომელს სჯობს. რომელი გადაცემა რომელს სჯობს - პრესკონფერენციაზე ვერ გადაწყდება. რა საკვირველია, ნორმალური უნდა დარჩეს, ამას ემსახურება ჩვენი გეგმა და არა იმას, როგორც ხდება ინტერპრეტაცია. ბევრი ინტერპრეტაცია იმის გამო ხდება, რომ შესაძლოა, ზოგი არ იყოს დაინტერესებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ლიდერი ტელევიზია და შეიძლება ვიღაცას ძალიან არ აწუხებდეს თუ დარჩება იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და იმ მდგომარეობაში, რაზეც დღეს, 21-ე საუკუნეში ტელევიზია არ უნდა იყოს”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.