სიტყვის თავისუფლების დასაცავად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა

სიტყვის თავისუფლების დასაცავად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა

სხვადასხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რომელიც სიტყვის თავისუფლების დასაცავად იმუშავებს.

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, საბჭოს მუშაობაში რვა პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩაერთო. მისივე თქმით, აღნიშნული საბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს შეიკრიბა რვა პოლიტიკური პარტია და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის დავიცვათ „რუსთავი 2“ და ასევე სოლიდარობა გამოვუცხადოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მის ჟურნალისტებს. საკოორდინაციო საბჭოს სრული შემადგენლობით უერთდება ხვალინდელ აქციას. ჩვენ არ ვაპირებთ დიდი ხანი ვიყოთ თავდაცვით რეჟიმში. მთავარი გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართ არის ის, რომ დამთავრდეს ის დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეძინა მშვიდად, როდესაც ხან აფეთქებდა საყდრისს, იტაცებდა სხვადასხვა ტერიტორიას და ა. შ. დღეს ჩვენ პირველ რიგში დავიცავთ „რუსთავი 2“-ს და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და გადავალთ შეტევაზე, სანამ საბოლოოდ არ გავათავისუფლებთ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.