გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს მისი და ბორდის წევრების შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ვასილ მაღლაფერიძისა და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეხვედრა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაღლაფერიძემ აღნიშნული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. მაუწყებელში შეხვედრას განაგძობენ ბორდის წევრები.
”შეკითხვები არ იყო, ჩვენ გავდიოდით ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტს. შეფასებით ნაწილში იყო სრული თანხვედრა. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. ჩვენი წარდგენილი დოკუმენტი ეფუძნებოდა ხედვას, რომ მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით, ანუ მაყურებლების რაოდენობით. ასე უნდა იზომებოდეს ტელევიზიის მუშაობა ანუ მედიასივრცეში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჩვენი ხედვა ამას ეფუძნება დღესაც. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგებით და უნდა ფასდებოდეს კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმით ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია. მაგრამ აქვე ითქვა ისიც, რომ აქამდე ასეთი კრიტერიუმი არ შემუშავებულა. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს ის მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ, რეტინიგი და კიდევ ორი, სამი, ოთხი კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე ინფორმაციით, სამეურვეო საბჭო ექსპერტრებთან ერთად იმუშავებს.
”ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ლიდერი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაჩნდეს არსებულ მედიაბაზარზე, ამ ტელევიზიებთან კონკურენციაში. ჩვენ ამ გზას ვთავაზობდით. თუ სამეურვეო საბჭო და საზოგადოება იტყვის, რომ ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ სხვა სივრცეში და სხვა კრიტერიუმებით, ამას შევხედავთ და შევაფასებთ. ჩვენი გეგმა რასაკვირიველია, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვანზე შევთანხმდით, რაც ვფიქრობ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ არსებულ ვითარებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ დაუბრუნდება. დაიწყო დისკუსია, სადაც მთელი საზოგადოება შეთანხმდება, როგორი გვინდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორი უნდა იყოს და როგორ გაიზომოს, ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს უნდა გაიწეროს”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.