ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს’’ პირველი ნაკადის, მაღალტექნოლოგიური მიმართულების, ფინალისტ და გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებსა და წარმატების შესახებ საუბარი. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პროექტის დახვეწის და პროგრამის მეორე ეტაპის უფრო წარმატებით განხორციელების გზებზე.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ ინიცირება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოხდა. პროექტი განახორციელა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა. მიღებული განაცხადები განაწილდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიხედვით და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 51 ფინალისტი, რომელთაგან 100 000 ლარიანი დაფინანსება 20-მა სტარტაპმა მოიპოვა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, აგროკულტურა, ჯანდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული თამაშები, რეკლამა, ვირტუალური რეალობა.
ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების გამარჯვებულების რაოდენობა ჯამში 65 -ს შეადგენს.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამას ,,სტარტაპ საქართველო’’ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2017 წელსაც განახორციელებს.