“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ ძალებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებიც მზად არიან დაიცვან სიტყვის თავისუფლება.
ამასთან როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ”ნაციონალური მოძრაობა” მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთაც მზადყოფნა გამოთქვეს ”რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერ აქციას შეუერთდნენ.
"ხვალ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "რუსთავი 2"- ის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად აქციას ატარებს. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ამ აქციას მხარი დაუჭირონ. ამასთან, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ერთი აქციის ფარგლებში კოორდინაცია საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას დავიწყოთ კონსულტაციები, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.