საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს განკარგულების, რომლითაც ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა, ბათილად ცნობას ითხოვენ

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს განკარგულების, რომლითაც ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა, ბათილად ცნობას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა.

თბილისის საკრებულოში ეს ინიციატივა დღეს ოთხმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე დააყენეს.

როგორც ბრიფინგზე ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სანიძემ განაცხადა, მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური წარსული, ხედვები, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ ისინი დღეს გაერთიანებულიყვნენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი ღირებულებების დასაცავად. კერძოდ, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და დამოუკიდებელი თვითმმართველობის დასაცავად.

სამნიძის განცხადებით, ისინი ითხოვენ 2016 წლის 23 დეკემბრის საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც მერიამ საკუთარი კორუფციული გარიგება დადო მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის წევრებთან.

ბრიფინგზე მედიას აღნიშნული საქმის ახალი გარემოებები ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის – თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წარუდგინა.

მამუკა ახვლედიანის თქმით, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს თბილისის მთავრობამ და საკრებულომ ერთ მილიონ ლარამდე ქონება აჩუქა.

„ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ვითომდა გამოისყიდეს ნაზღაიძისგან, 2013-2016 წლამდე ნაზღაიძეს არ ეკუთვნოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ერთობლივად ვიმუშავეთ, ამოვიღეთ ყველა დოკუმენტაცია საჯარო რეესტრიდან, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება. დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახლდათ „საქართველოს ბანკი“. სამხარაულის ეროვნული ბიუროს შეფასებით, სტიქიამდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება 971 ათასი ლარი გახლდათ. ხოლო შეძენის მომენტისთვის, ანუ 2016 წლის დეკემბრისთვის მისი ღირებულება 23 000 ლარს შეადგენდა. ნაზღაიძე ამ მიწის პირობითი მესაკუთრე 2016 წლის 29 ნოემბერს გახდა. სტიქიის მოხდენიდან წელიწადნახევრის შემდეგ თბილისის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ნაზღაიძეს მიწის ნაკვეთის ღირებულება სტიქიამდე, 971 000 ლარი აუნაზღაურდეს. ასე რომ, თბილისის საკრებულო შეცდომაში იყო შეყვანილი და დეპუტატებს ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მათ შეიმუშავეს ერთობლივი განკარგულება, რომლითაც 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობას ითხოვენ.

ახვლედიანმა მოუწოდა უმრავლესობას, მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხდომაზე ამ ახალი განკარგულების განხილვაში და ძველის ბათილად ცნობაში, რათა აღდგეს 2016 წლის დეკემბრამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. თბილისის მთავრობამ კი გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთან, ბრიფინგზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საქმეში ახლად აღმოჩენილ ორ გარემოებაზე ისაუბრა, კერძოდ, მისივე თქმით, 2013 წელს ნაზღაიძეს „საქართველოს ბანკმა“ მიწის გამოსყიდვის ხელშეკრულება დაუდო. 2014 წლის 1 ივლისს ეს ოფცია გაუქმდა. დათუკიშვილის თქმით, ეს დასტურდება რეესტრიდან დოკუმენტაციით.

მისივე განცხადებით, ეს დოკუმენტი დავით ნარმანიამ საკრებულოს დაუმალა.

„შემდეგ ბანკმა საჯარო რეესტრს 2015 წლის 3 ნოემბერს მიმართა და ოფციის ხელშეკრულება ოფიციალურად გაუუქმა. ნაზღაიძეს ამ მიწის ნაკვეთთან არანაირი შემხებლობა აღარ ჰქონდა. ეს დოკუმენტი დავით ნარმანიამ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და მთლიანად საკრებულოს დაუმალა. მან საკრებულო შეცდომაში შეიყვანა“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე გარემოება არის ის, რომ ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე 971 000 ლარის საფასურად გადასცეს 5 000 კვმ მიწის ნაკვეთი და თანხა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაზღაიძეს ვალდებულება გააჩნდა 70 000 დოლარის ღირებულების სანაცვლოდ მოეწყო პარკინგი და რეკრეაციული სივრცე. საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებაში კი ეს ვალდებულება ნაზღაიძეს აღარ აქვს და მას 5 000 კვმ მიწის ნაკვეთზე ინფრასქტრუქტურული პროექტების განაშენიანების უფლება მიეცა.