გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

გაუგებარია, რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული წერილი, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა, მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და დაცულობის ხარისხის ზრდას. აბაშიშვილის განცხადებით, შენიშვნები ძირითადად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრინციპულ მოსაზრებებს ემყარებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, უმრავლესობას მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტის შეთავაზებაში, კონსულტაციებთან დაკავშირებით, რათა საკანონმდებლო ორგანოს უკეთესი კანონმდებლობა მიეღო.

„როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ მთელი რიგი წინადადებები, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში იყო წარმოდგენილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ კონსულტაციებში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ მივიღებდით უკეთს კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არ გაურბოდნენ დისკუსიებს”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.