ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო.  საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი. დაგეგმილია ახალი ბორდიურების მოწყობა, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,  მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა 7000 კვ.მ-ზე განახორციელებს, აპრილში  დასრულდება.

„ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთდება გზები, ტროტუარები, წესრიგდება ინფრასტრუქტურა. სხვა გამგეობებშიც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვხვდებით მოსახლეობას, მათთან ერთად ვიხილავთ საკითხებს, რომელიც მათ აწუხებთ, ასევე,  ვაცნობთ ინფორმაციას დაგეგმილი პროექტების შესახებ და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ მათთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩუბინაშვილის ქუჩის გარდა, გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები  მიმდინარეობს, ასევე, ქვალონისა და ლებარდეს  ქუჩებზე. 2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70  შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.