პარლამენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ

პარლამენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ ”საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონპროექტებზე მსჯელობს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.

პარლამენტისათვის წარდგენილი შენიშვნების მიხედვით: - რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და ისინი იუსტიციის საბჭომ არ უნდა დანიშნოს; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას აზუსტებს და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობასაც განსაზღვრავს. პრეზიდენტის შენიშვნები ასევე შეეხება მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

”ქართული ოცნების” უმრავლესობა პრეზიდენტის საკანონმდებლო შეთავაზებებს არ იზიარებს. როგორც მოსალოდნელია, ვეტოს დაძლევენ, რასაც სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.