თხრობა ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არსებითი შეცდომებია

თხრობა ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არსებითი შეცდომებია

მივმართავ ქალბატონ ირმა ნადირაშვილს, თხრობა ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არის არსებითი შეცდომები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევა მოითხოვა.

”მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ირმა ნადირაშვილს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე, თხრობა ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არის არსებითი შეცდომები. ჯერ ეს ერთი, ოპტიმიზაციის შედეგად უმრავლესობა, ვინც სამსახური დატოვა, იყვნენ სამოქალაქო პირები და თუ დაგაინტერესებთ რაოდენობებსაც მოგაწვდით. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ოპტიმიზაცია ჩატარდა ანალიზის შედეგად, იქ აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დუბლირებული ფუნქციები, გაბერილი შტატები, სამოქალაქო მფრინავები და ბორდტექნიკოსები საერთოდაც ყარაულში იყვნენ გაფორმებული. 32 მლნ დაიზოგა ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რაც შეეხება ოფიცერს, რომელზეც თქვენ ბრძანებდით, მზად ვართ, რომ მის მეუღლეს არსებითი დახმარება აღმოვუჩინოთ, თუ ჯანმრთელობის კუთხით აქვს პრობლემები”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ოფიცერ შოთა მათითაიშვილის მეუღლეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს; მათითაიშვილი აღმოსავლეთ ბატალიონში მსახურობდა 6 წლის განმავლობაში. ნადირაშვილის ინფორმაციით, ამის თაობაზე წერილობით აცნობა შოთა მათითაიშვილმა მინისტრ იზორიას.