საქართველოს ემუქრება საფრთხე, რომ ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცეს და ეს ქალაქ-სახელმწიფო იქნება თბილისი

საქართველოს ემუქრება საფრთხე, რომ ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცეს და ეს ქალაქ-სახელმწიფო იქნება თბილისი

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი „არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ თეორეტიკოსი იურისტების წრეში“.

როგორც აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების შემადგენლობით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

„მიდის აქტიური მუშაობა ახალი კონსტიტუციის მისაღებად და ბუნებრივია, რომ გვერდს ვერ ავუვლით პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხს. ამიტომ მინდა მაჟორიტარ-დეპუტატებს ქუთაისიდან ვთხოვო, იქნებ ცალკე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. მე გთხოვთ და გარწმუნებთ, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადაწყდეს მხოლოდ თეორეტიკოსი იურისტების წრეში. დღეს თუ გავითვალისწინებთ მიგრაციის პროცესებს, მთელი საქართველო დაძრულია და თავის გადასარჩენად ან უცხოეთში, ან თბილისში მიდის. თუ გავიაზრებთ შიდა მიგრაციის ტემპებს, სულ რაღაც რამდენიმე ათიოდე წელიწადში დასავლეთ საქართველო უკვე აღარ იქნება და საქართველოს ემუქრება საფრთხე, რომ ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცეს და ეს ქალაქ-სახელმწიფო იქნება ქალაქი თბილისი. ის, რომ დასავლეთ საქართველო რამენაირად დავამაგროთ, ამისთვის აუცილებლად საჭიროა, ერთი ქალაქის არსებობა მაინც დასავლეთ საქართველოში, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებლების ლტოლვა თბილისკენ რამენაირად შევაჩეროთ. გარწმუნებთ, ეს არ სჭირდება მარტო ქუთაისს, სჭირდება თბილისის და ქვეყნის გადარჩენას, რომ მთელმა ქვეყანამ ერთ ქალაქში არ მოიყაროს თავი. სწორედ ამიტომ ეს საკითხი - თუ რა შედეგებს გამოიწვევს პარლამენტის გატანა ქუთაისიდან, ან არის თუ არა სხვა რაიმე თემა, რომლითაც შეიძლება ქუთაისი, როგორც ქალაქი, გადარჩეს, ამ საკითხზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან. დღეს თუ ვიკითხავთ, რა შედეგი მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს, გეტყვით, რომ არაფერი, რადგან ის, რაც დღეს ხდება, ეს არ არის საპარლამენტო დედაქალაქი, ეს არაფერი არ არის, ეს არის მარაზმი, რომელშიც სამწუხაროდ, 2012 წელს თქვენმა ერთმა სიტყვამ, რომ პარლამენტი დაბრუნდებოდა თბილისში, ეს იდეა, პრაქტიკულად, მკვდარდშობილად აქცია. მაგრამ მოვა დრო და გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე დაბრუნება მოუწევს, ან ძალიან მალე, დასავლეთ საქართველო ცარიელი იქნება მოქალაქეებისგან და ყველანი თავმოყრილები ვიქნებით თბილისში“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ლაპარაკია იმაზე, რომ მუდმივად ქუთაისში დაფუძნდეს პოლიტიკური ელიტა, მუდმივად ქუთაისში იყოს ის მუშაობა, რასაც საპარლამენტო მუშაობა ჰქვია.

„უფრო მეტსაც გეტყოდით, იქნებ იფიქროთ იმაზე, რომ საერთოდ დედაქალაქი გადმოვიტანოთ თბილისიდან. არა იმიტომ, რომ თბილისის დაკნინება მინდა. არა - თბილისი არის ეკონომიკურად გამართული. მის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს, თუ რაიმე საშინელი კატაკლიზმები არ მოხდა, მაშინ როდესაც ქუთაისის გადარჩენას ხელოვნური ჩარევა სჭირდება“, - განაცხადა ბობოხიძემ.