ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა მისი ინფრასტრუქტურა ანაღვლებს, რომელიც შუაგულ თბილისში 33 000 კვ.მ-ზეა განლაგებული

ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა მისი ინფრასტრუქტურა ანაღვლებს, რომელიც შუაგულ თბილისში 33 000 კვ.მ-ზეა განლაგებული

ბიძინა ივანიშვილს არც მაუწყებლის დახურვა-არდახურვა ანაღვლებს, არც იმ 600 თუ 700 თანამშრომლის ბედი ანაღვლებს, რომელიც გაყრასაც ის აპირებს, არამედ ანაღვლებს ის ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საზოგადოებივი მაუწყებლის ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მან მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხმა ამოიღონ.

„უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით ნაკლებად თუ არის ამ ქვეყანაში გულგრილი ადამიანი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ზეწოლა არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მიჭირს მოსმენა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის, როდესაც ისინი საუბრობენ სრულიად სხვა რეალობაზე. ძვირფასო კოლეგებო „ქართული ოცნებიდან“, თქვენ უმრავლესობის ის დეპუტატები ხართ, რომლებიც ახლაც არ იღებთ ხმას, არადა ვალდებულები ხართ, რომ ხმა ამოიღოთ და აიმაღლოთ. როდესაც ხედავთ, რომ ივანიშვილი უკვე რეალურად ხურავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ თქვენ კვლავაც არ იღებთ ხმას. თქვენ ის უმრავლესობის წევრები ხართ, რომლებიც ვალდებულები ხართ ამოიღოთ ხმა, როდესაც ხედავთ და იცით, რომ ივანიშვილი კინწისკვრით აპირებს 600 თანამშრომლის გაგდებას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. თქვენ ის უმრავლესობის წევრები ხართ, რომლებიც ვალდებულები ხართ ამოიღოთ ხმა, რადგან, პირველ რიგში, დეპუტატები ხართ და ვალდებულები ხართ სიმართლეს თვალები გაუსწოროთ და რეალობა დაინახოთ. ბიძინა ივანიშვილს არც მაუწყებლის დახურვა-არდახურვა ანაღვლებს, არც იმ 600 თუ 700 თანამშრომლის ბედი ანაღვლებს, რომელიც გაყრასაც ის აპირებს, არამედ ანაღვლებს ის ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საზოგადოებივი მაუწყებლის ინფრასტრუქტურა - 33 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული შუაგულ თბილისში. დიახ, ეს ადამიანი ამას აპირებს და არ მითხრათ, რომ ამას არ აპირებს, რადგან მსგავსი რამ უკვე ბევრჯერ დააპირა და სისრულეში მოიყვანა. მან სამწუხაროდ, წაართვა და მიიტაცა - აბრეშუმის ფაბრიკა, ლაგუნა ვერეს კომპლექსი, ძველი ცეკავშირის შენობა შუაგულ თბილისში, ძველი უნივერმაღის შენობა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილი, საბურთალოს ძველი იპოდრომი, მაგრამ ამაზე თქვენ არ საუბრობთ”, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, ნიკა მელიამ მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ „რუსთავი 2“ მათ სჭირდებათ პირველ რიგში, რათა უფსკრულში არ გადაიჩეხონ და რომ „არსებობდეს მედია სივრცე ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მივლენ და ისაუბრებენ სხვადასხვა საკითხის გარშემო“.