პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, სად წავიდა წლების განმავლობაში გადამხდელების თანხა

პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, სად წავიდა წლების განმავლობაში გადამხდელების თანხა

წლების განმავლობაში პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობა გამოდის და საჯაროდ საუბრობს იმ დარღვევების, პრობლემების, მძიმე და კატასტროფული ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ოპოზიცია კი მაშინვე იწყებს აბსოლუტურად უშინაარსო კრიტიკას, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ძალიან არასერიოზული განცხადებები კეთდება.

”მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ დისკუსიაში მიმიღია მონაწილეობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყოველთვის საზოგადოების მოთხოვნა რჩება ერთადერთი რამ - ამ არხზე მოხდეს რეფორმა და ცვლილებები, რომელიც საჭიროა და აუცილებელი.როდესაც ამ წლების განმავლობაში პირველად ახალი ხელმძღვანელობა გამოდის და საჯაროდ საუბრობს იმ დარღვევების, იმ პრობლემების მძიმე და კატასტროფული ფინანსური მდგომარეობის შესახებ,ოპოზიცია მაშინვე იწყებს აბსოლუტურად უშინაარსო კრიტიკას. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც 2%-ს ვერ აღწევს საზოგადოებრივი მაუწყებელის რეიტინგი და არხზე კრიზისია, როდესაც 410 მილიონი არის დახარჯული და არც ერთი ხელშესახები, თვალით დასანახი რეფორმა და ცვლილება ჩვენ არ დაგვინახავს რატომ ეწინააღმდეგებით ამ რეფორმას? უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს თუ სად წავიდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა და სად გაიხარჯა ეს ყველაფერი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალმა გუნდმა ჩვენ შემოგვთავაზა მთელი ამ პროცესის საჯაროობა და გამჭირვალობა. მე მესმის, რომ თქვენთვის საჯაროობა და გამჭირვალობა ზოგადად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა არ არის. ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ამ პროცესს და არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს. მე ისიც მესმის, რომ ეს არის მტკივნეული რეფორმა ნამდვილად და დიდი განხილვები გამოიწვია ამან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა, ერთი ის, რომ დავსხდეთ ამ დარბაზში და დაველოდოთ როდის დაასრულებს თავის არსებობას ფატალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ან მეორე მივცეთ შანსი და ის წლიური 45 მილიონი ლარი, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურად იხარჯებოდა წლების განმავლობაში, მივმართოთ იმისკენ და ხელი შევუწყოთ, რომ საბოლოოდ მივიღოთ თანამედროვე კონკურენტუნარიანი ტელევიზია”, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.