ირმა ნადირაშვილი თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებულთა საკითხზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს

ირმა ნადირაშვილი თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებულთა საკითხზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სპეციალური სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. როგორც ნადირაშვილი აღნიშნავს, ამ სხდომაზე უნდა განიხილონ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხი.

”თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მივმართავ, რომ მან გულთან ახლოს მიიტანოს ათასობით დამსახურებული, უმუშევრად დარჩენილი სამხედროს ბედი. მე მივმართავ მას, რომ მოიწვიოს სპეციალური კომიტეტის სხდომა, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტში იმყოფებიან გათავისუფლებული ოფიცრები, თუმცა პარლამენტის აპარატმა მათ სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილიდან სესიაზე დასწრების საშუალება არ მისცა.

”დღეს პარლამენტში სტუმრად არიან თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული ოფიცრები. მე ორდღიანი კომუნიკაცია მქონდა პარლამენტის აპარატთან, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილიდან თვალი ედევნებინათ პარლამენტის სხდომისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავარწმუნე აპარატი, რომ მათი შემოშვება გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ტრისტან წითელაშვილის შეშვება დაცულ ობიექტებზე”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მშრალი განცხადება გააკეთა, თუმცა ამ მშრალი განცხადების უკან დგას ათასობით დამსახურებული ოფიცერი მძიმე ისტორიით.

”თავდაცვის სამინისტრომ მშრალი განცხადებით გვაცნობა, რომ რეორგანიზაცია მის სტრუქტურაში დამთავრებულია. მშრალი განცხადების უკან დგას ათასობით დამსახურებული ოფიცრის მძიმე ისტორია. მაგალითად არიან: რატი გვათუა, რომელიც დღეს პარლამენტშია. ის 4 შვილის მამაა, მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში; სერგო კისელევი - სამოქალაქო პირი, მისი ოჯახი მეორე შვილს ელოდება; ირაკლი ფაილაძე - უფროსი ლეიტენანტი, რომლის გადამზადებაშიც სახელმწიფომ 10 000 ლარი დახარჯა; შოთა მათითაიშვილი - აღმოსავლეთ ბატალიონში მსახურობდა 6 წლის განმავლობაში, მის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემები. ამის თაობაზე წერილობით აცნობა ბატონმა შოთა ათითაიშვილმა მინისტრ იზორიას”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ”რეორგანიზაციის პროცესი არ შეხებიათ მაღალჩინოსნების ნათესავებსა და ”ქართული ოცნების” აქტივისტებს.

”ვითხოვდით ბიუროკრატიის შემცირებას, ვითხოვდით ზღვარგადასული ფუფუნების შემცირებას, რომელშიც ცხოვრობს ”ქართული ოცნება”. ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ უმუშევრად უნდა დარჩენილიყო მაგალითად რატი გვათუა და არ ვფიქრობდით, რომ ასე გაუმჭვირვალედ წარიმართებოდა ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ თქვენ ნათესავს, არც ერთ თქვენს აქტივისტს სამუშაო ადგილი არ დაუკარგავს. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ, ეს არის თქვენი დამოკიდებულება საქართველოს უსაფრთხოების მიმართ. ეს ჩანს იმაშიც, რომ იმ დროს როდესაც რუსეთის ყველა მეზობელი ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, სუს-ის ბიუჯეტს ზრდით 18 მილიონით და ამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს”, - განაცხადა ნადირაშვილმა.