რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი

რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი პლებისციტის საკითხს, რომლითაც დე ფაქტო მთავრობა გეგმავს ე.წ. სამხრეთ ოსეთს სახელი გადაარქვას.

”მინდა გამოვეხმაურო ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ეს არის საოკუპაციო გეგმის ნაწილი და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, თანამეგობრობას, მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი ასევე გამოეხმაურა ვიზალიბერალიზაციას და აღნიშნა, რომ მომავალში ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ისარგებლებენ ამ სიკეთით.

”ვულოცავ საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერას ევროპარლამენტში, სადაც ევროპარლამენტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს. ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. ეს არის საქართველოს ”ევროპული გაზფხული”, როცა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადის. ეს არის აღიარება იმ რეფორმების, რომელიც გაატარა ხელისუფლებამ და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა სრული წარმატებით დათქმულ დროში, რაც აღიარებულია ევროკავშირის შემფასებელთა მისიის მიერ. მე ვულოცავ ასევე მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც მომავალში ისარგებლებენ ამ სიკეთით”, - აღნიშნა დეპუტატმა.