ვვარაუდობ, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე

ვვარაუდობ, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე

რასაც ვხედავთ, მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა. დეპუტატმა სამართალდამცველ ორგანოებს ამ საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა.

”არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ არნახულ ზეწოლას, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე. ამ საკითხმა განსაკუთრებულ პიკს ბოლო დღეებში მიაღწია. სასამართლო ნამდვილად არის ერთ-ერთი ხაზი, სადაც გადის ჩვენი დემოკრატიის ზღვარი და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხის გამოძიებას, რადგან რასაც ვხედავთ, მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე. ეს იქნება მოსყიდვით, შანტაჟით თუ სხვა მცდელობებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. ეს ძალა ისევ ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს უკან, სასამართლო ჰყავდეს ჯიბეში ჩასმული, როგორც ეს იყო მათი მმართველობის დროს. ჩვენ არავის მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს სახელმწიფო არის დემოკრატიული, ძლიერი და არავის აქვს საშუალება ქვეყანა დააბრუნოს იმ სიტუაციაში, როდესაც სასამართლო იყო ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ”, - განაცხადა კილაძემ.