კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ დღეს პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს შენიშვნებს

კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ დღეს პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს შენიშვნებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო და შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს - მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის შენიშვნები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მთლიანდ ვენეციის კომისიის მოსაზრებების თანმხვედრია.

„ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს - მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შეეშალოს ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში, ასევე გაიზარდოს მოსმართლეების დაცულობა. მიუხედავად გუშინდელი შედეგისა კომიტეტზე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს იქნება კონსტრუქციული შინაარსობრივი განხილვა ჩვენი შენიშვნების და პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს წინადადებებს. შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. შესაბამისად, ამ შენიშვნებზე უარიც არის, უარი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის მიმართ. ასევე ეს არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია რამდენიმე ადამიანის - სასამართლოს დირექტორის ხელში. ჩვენი შენიშვნებით გვინდა, რომ სწორედ ამას შევუშალოთ ხელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.