სოფო კილაძე:   ვფიქრობ, დღეს დავძლევთ ვეტოს

სოფო კილაძე: ვფიქრობ, დღეს დავძლევთ ვეტოს

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, უმრავლეობა დღეს პლენარულ სესიაზე შეეცდება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენმტმა ისევ ვეტოს უფლება გამოიყენა და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომლითაც სასამართლოში წინ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, შენიშვნები წარმოადგინა. ვფიქრობ, რომ დავძლევთ ამ ვეტოს, რადგან ეს არის რეალურად ის მესამე ტალღაა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს გაჯანსაღებას. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის და ზოგადად დასავლეთის სულისკვეთებას შეესაბამება ეს მესამე ტალღა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სასამართლო რეფორმის შესახებ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კენჭისყრაზე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გავა.