ეკა ბესელია „საინტერესოს“ უწოდებს ინიციატივას, რომ სტრასბურგში წარსადგენ მოსამართლეებთან გასაუბრებას ევროსაბჭოს წარმომადგენელი დაესწროს

ეკა ბესელია „საინტერესოს“ უწოდებს ინიციატივას, რომ სტრასბურგში წარსადგენ მოსამართლეებთან გასაუბრებას ევროსაბჭოს წარმომადგენელი დაესწროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იწონებს ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებას ევროსაბჭოს წარმომადგენელი დაესწროს.

როგორც ბესელიამ ”ინტერპრესნიუსს” ევა გოცირიძის წერილის შეფასებისას განუცხადა, თუ გაფართოვდება შესარჩევი კომისიის შემადგენლობა, ეს მხოლოდ კარგი იქნება.

”მე ამ წერილს არ გავცნობილვარ, თუმცა იდეა საინტერესოდ მეჩვენება. პროცედურები, რაც ადგილობრივ დონეზე ჩატარდა, იყო ერთ-ერთი კარგი სტანდარტი, რაზეც არავის გამოუთქვამს კრიტიკა ევროპის საბჭოში. არავის უთქვამს, რომ პროცედურები არ ჩატარდა სწორად. ამ მხრივ, თუ იქნება გარკვეული ნოვაციური შემოთავაზება, ეს საინტერესო იქნება განსახილველად. მე, როგორც შესარჩევი კომისიის წევრი, ვიტყვი, რომ ევროპის საბჭოს აქვს შემუშავებული სპეციალური რეგულაციები. საპარლამენტო ასამბლეის მიერაა დამტკიცებული, თუ რა წესით უნდა მოხდეს კანდიდატების შერჩევა. ეს არის ზოგადი წესები. ჩვენ ეს წესები უნდა დავიცვათ ეროვნულ დონეზე. თუ დამატებითი კრიტერიუმები იქნება შემოთავაზებული, რომ გაფართოვდეს კომისია, ან ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი დაესწროს, ეს მხოლოდ კარგი და უკეთესი იქნება მაღალი გახსნილობისთვის. ამაზე შესაძლებელია მსჯელობა და დისკუსია”, - განაცხადა ბესელიამ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი ევა გოცირიძე საქართველოში, შესარჩევი კონკურსის შეფასების კრიტერიუმებსა და შემფასებელი კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას აქვეყნებს. ევა გოცირიძის წერილი ”ინტერპრესნიუსს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, რომ შიდა პროცედურულმა წესებმა და კრიტერიუმებმა ევროპული მონიტორინგი უნდა გაიაროს და უმჯობესია, თუ კანდიდატებთან გასაუბრებას დაესწრება ევროსაბჭოს წარმომადგენელი.