საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს საკითხის პოლიტიზირება ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
ამის შესახებ გაბუნია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს არავის გადასცემს და ეს ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული.
ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა ხაზგასმით თქვა, რომ შესაბამისი უწყებები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინელ კოლეგებთან. რა არის კიდევ საჭირო რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაცია დასრულდეს? მაგრამ საქმე გვაქვს საკითხის უკიდურესი პოლიტიზირების მცდელობასთან და ეს გზა გადის სპეკულირებაზე ადგილობროვი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. მე, ისევე როგორც ბევრს ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი არ გვიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენი ქვეყანა წამოაგო რუსეთის უმძიმეს პროვოკაციას, დღეს კი, ადამიანის ბედით მანიპულირებენ",- ნათქვამია გაბუნიას განცხადებაში.
დღეს, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.