საქართველოს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს "კაბელების საქმის" გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ დღეს მიიღო.
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, "სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული და მათ მიმართ გამოყენებული იყო ადეკვატური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
"რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, სააპელაციო პალატის მსჯელობით ბრალდებულების ქმედება წარმოადგენს სამოხელეო კორუფციულ დანაშაულს, რომლის შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობის ზიანი. სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს არ ვეთანხმებით რადგან უდავოა, რომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის და მტკიცებულებების ღრმა ანალიზის შედეგი. ჩვენ ვრჩებით ჩვენს მოსაზრებაზე და მიგვაჩნია, რომ როდესაც საჯარო მოხელე 6 000 000 ლარს იხდის ქონებაში, რომლის შესყიდვაც გაცნობიერებული აქვს, რომ შეუძლია 2 000 000 ლარად ფაქტია, რომ ის ჩადის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და სწორედ ამ გარემოებების არსებობამ განაპირობა ჩვენს მიერ განსაზღვრული კვალიფიკაციით ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა აღლემაშვილმა.
"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა და ისინი დაახლოებით ორ თვეში საპატიმროს დატოვებენ.