მიხეილ უკლება ცერცვაძის საქმეზე - საელჩოს მიერ ყველა ნაბიჯი გადადგმულია, რათა ჩვენი მოქალაქის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული

მიხეილ უკლება ცერცვაძის საქმეზე - საელჩოს მიერ ყველა ნაბიჯი გადადგმულია, რათა ჩვენი მოქალაქის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული

ყველა ნაბიჯია გადადგმული საელჩოს მიერ, რათა ჩვენი მოქალაქის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცეცვაძის საქმის მიმდინარეობის კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც ელჩმა აღნიშნა, ცერცვაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისივე თქმით, ვიცე-პოლკოვნიკის დაკავების მომენტიდან უკრაინაში საქართველოს საელჩო საქმეში აქტიურადაა ჩართული. 

”გაკეთდა შესაბამისი ნოტები, გაიგზავნა მიმართვები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სოლომონსკის პოლიციის რაიონის განყოფილებაში და ა.შ. საკონსულო დეპარტამენტთან გვქონდა შეხვედრები ამ დღეების განმავლობაში და ასევე, გუშინ გაიმართა ჩემი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები. დღეს სასამართლო პროცესია დანიშნული, რომელსაც დაესწრებიან კიევში ჩვენი კონსული ნანა ჩაპრავა და ასევე, ჩვენი კონსული დონეცკში ირაკლი ადვაძე. აქედან გამომდინარე ყველა საერთაშორისო ნორმისა და კანონის შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადადგმულია საელჩოს მიერ, რათა ჩვენი მოქალაქის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული”, - განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ. 

კიევის სააპელაციო სასამართლო ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ადვოკატის საჩივარს დღეს, უკრაინის დროით 12:00 საათზე განიხილავს. აღნიშნული პროცესი ჩანიშნულია კიევის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის კალენდარში. 

საქმეს მოსამართლე პალენიკი განიხილავს. ცერცვაძის დაცვის მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.