ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა, მოსამართლეთა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს

ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა, მოსამართლეთა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს

ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა, მოსამართლეთა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი ”ფეისბუქში” წერს.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ”მთავრობის ამ უდიდესი სირცხვილის შემდეგ”, მეტი შანსი იქნება, აიძულონ მთავრობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესაფერისი კანდიდატები გააგზავნოს.

”ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის სპეციალურმა კომიტეტმა საქართველოდან წარგზავნილი წულუკიანის სია მძიმე დარღვევების და წესებთან შეუსაბამობის გამო ხმათა უმრავლესობით ჩააგდო და უკან დააბრუნა. ”ოცნების” მთავრობა ამ სირცხვილისგან ევა გოცირიძის სასარგებლოდ ვერც პრემიერის ზარებმა გადაარჩინა სხვადასხვა დედაქალაქში.

ერთი სიტყვით, ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს. ”ქართული ოცნების” მთავრობამ კიდევ ერთხელ შეარცხვინა ქვეყანა, რადგან აქ სრულიად თავისმომჭრელი ფორმით შერჩეული სია გამოაგზავნა. იმედია მთავრობის ამ უდიდესი სირცხვილის შემდეგ მეტი შანსი გვექნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ვაიძულოთ მთავრობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესაფერისი კანდიდატები გააგზავნოს”, - წერს გიორგი კანდელაკი.

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.