თბილისის მერის მოადგილე ნაძალადევში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ნაძალადევში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხელაძე ზვარეთის ქუჩაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ზვარეთის N36ა-ში 17 მ სიგრძის კედელი შენდება. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 74 332 ლარია. კედლის მშენებლობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

2017 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზვარეთის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციასაც გეგმავს.

თბილისის მერის მოადგილემ დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა და პროექტის დეტალებს გაეცნო. ქუჩის ერთ მონაკვეთზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო კონტრაქტორი მუშაობს, პარალელურად, ქუჩის მეორე ნაწილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგრძელებს.

გიგა ნიკოლეიშვილმა ღრმაღელეს მეტროსადგურთან არსებული რეაბილიტირებული სკვერიც დაათვალიერა. გამგეობის დაკვეთით, სკვერში დასრულდა ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახლო მომავალში დაიწყება გამწვანების სამუშაოები.