დავით სერგეენკო - ჩემი აზრით, შეგნებულად ხდება საჯარო მოხელის სტატუსის ერთგვარი დემონიზაცია

დავით სერგეენკო - ჩემი აზრით, შეგნებულად ხდება საჯარო მოხელის სტატუსის ერთგვარი დემონიზაცია

ჩემი აზრით, შეგნებულად მიმდინარეობს საჯარო მოხელის სტატუსის ერთგვარი დემონიზაცია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერის თვეში პრემიები გასცა. 

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, პრემია გაიცა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, გარდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსებისა.

„შეუგნებლად ან, ჩემი აზრით, შეგნებულად, მიმდინარეობს საჯარო მოხელის სტატუსის ერთგვარი დემონიზაცია, რომ საჯარო მოხელე, სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანი არის ერთგვარი მონსტრი, რომელიც არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ დაჰქრის შავი „ჯიპით“ და ხალხის გადასახადებიდან ამოღებულ თანხებს არამიზნობრივად მოიხმარს. საჯარო მოხელეები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და სხვათა შორის, ისინიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ისინი ქმნიან იმ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ მიმართულების პროექტის ფუნქციონირებას.

აქედან გამომდინარე, ასეთი მიზანმიმართული დემონიზაცია არის უადგილო. საჯარო მოხელეები, რა თქმა უნდა, იმსახურებენ პრემიებს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ იმსახურებენ საყვედურსაც, ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი სისტემის ფუნქციონირება“,- განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა განმარტა, ყველას შეუძლია ნახოს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 3 მილიარდზე მეტიდან, რამდენი იხარჯება მის ადმინისტრირებაში. „მე გეუბნებით მზა ციფრს - 0,8%. დამისახელეთ ნებისმიერი ერთი კომპანია,რომელიც ამ პროცენტად დათანხმდება რომელიმე პროექტის მართვას. ადმინისტრირების ხარჯები 5,7, 10, 15 პროცენტის ფარგლებში არის ზოგჯერ. ამის მერე დაგვდონ ბრალი იმაში, რომ არაფექტურად ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეენკომ.