გია ცერცვაძის მეუღლე - როგორც გააფუჭეს საქმე, ისე გააკეთონ

გია ცერცვაძის მეუღლე - როგორც გააფუჭეს საქმე, ისე გააკეთონ

როგორც გააფუჭეს ეს საქმე, ისე გააკეთონ, - ასე მიმართავს ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა ცერცვაძე-მესხი საქართველოს ხელისუფლებას. 

ტატიანა ცერცვაძის განმარტებით, გია ცერცვაძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა და არც ის იცოდა, რომ ”ინტერპოლის” მიერ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

”ადვოკატთან კავშირი არ მაქვს. მხოლოდ მეგობრებს ვუკავშირდები. არაფერი ვიცი, მათ შორის არც ის, როდის იქნება სასამართლო პროცესი. ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიკავშირდებიან, მაგრამ უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დამკავშირებია. ვიგებ იმას, რაც მედიით გადის“, - განუცხადა ტატიანა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება უკრაინაში ცერცვაძის ცხოვრების და მიმოსვლის საკითხს, ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლის თქმით, ის უკრაინაში მუშაობდა. 

”მიდიოდა უკრაინაში, თავის გამოცდილებას უზიარებდა უკრაინელებს. დასაქმებული იყო. ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას - ამაზე მეტი რა უნდა ქნას, რაც მაგათმა ჩაიდინეს და გააკეთეს? - გაწირეს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას იცავდა. როგორც გააფუჭეს ეს საქმე, ისე გააკეთონ. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ბევრ ოპერაციაში მონაწილეობდა და ამ ხალხის მოშორება უნდათ, რუსეთის დავალებით”, - აღნიშნა ტატიანა ცერცვაძემ.

ამასთან, ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლემ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების და ხალხის დახმარების იმედი აქვს.

”ჩვენი ხელისუფლების იმედი არ მაქვს, რომ ჩემს ქმარს დაიცავენ და მეშინია. მეშინია როგორც ექსტრადირების, ისე იმის, რომ მისი შვილები აქ ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი, არ ვიცი, რა ვიფიქრო. მე იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინელი ხალხი დაიცავს ჩემს მეუღლეს და უკრაინის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნა გია ცერცვაძის მეუღლემ.

ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.