გია ხუხაშვილი - არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება განწყობილია გია ცერცვაძის „მსხვერპლშეწირვისთვის“

გია ხუხაშვილი - არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება განწყობილია გია ცერცვაძის „მსხვერპლშეწირვისთვის“

არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გია ცერცვაძის საკითხი უნდა იყოს პოლიტიკური დებატების თემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცერცვაძის საქმეზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დაბარების თაობაზე ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნას.

გია ხუხაშვილის განმარტებით, „როდესაც პროცესი მიმდინარეობს, თუნდაც კეთილი სურვილები ჰქონდეთ, ზედმეტმა პოლიტიკურმა განხილვებმა შეიძლება თვითონ ცერცვაძეს სერიოზულად ავნოს“. 

„მგონია, რომ საკმარისია. ოპოზიციამ თავისი თქვა, ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ისინიც ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე. უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას და როდესაც ფინალში გავა ეს ამბავი, შემდეგ შესაძლებელია ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ვფიქრობ, ეს არის მორიგი ქარიშხალი ჭიქაში, რომელსაც ცდილობს ააგოროს ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

ექსპერტის თქმით, მისი შთაბეჭდილებით, „არც ხელისუფლება არის განწყობილი გია ცერცვაძის მსხვერპლშეწირვისთვის“.

საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას მოითხოვს. 

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, დღეს უმცირესობა ამ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.