აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ასევე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია. შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის თებერვალში შედგება.
„ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ორ მხარეს შორის. აშშ მჭიდროდ იმუშავებს ისრაელთან პროგრესის მისაღწევად ამ კუთხთ“, - განუცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში.
თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „პრეზიდენტ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად“.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელობა, რომელსაც აშშ ხედავს „ისრაელთან სამხედრო, სადაზვერვო და უსაფრთხოების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაში“.
აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ კონსულტაციებს რიგ საკითხებზე, მათ შორის ირანის საფრთხეზე.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი და ხაზი გაუსვა იმას, რომ „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა რადიკალურ ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ დაპირისპირება მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.