ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვს

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვს

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვს. 

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მრევლის ნაწილი დღეს სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. წერილის თანახმად, მეუფე სერაფიმეს მხარდამჭერი პირების მხრიდან მათი მოძღვრების მიმართ ლანძღვა-გინება და მუქარა არ წყდება. მრევლის ნაწილი კითხვებს სვამს ეპარქიის ყოფილ მმართველ, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით და პასუხებს ითხოვს. 

„ინტერპრესნიუსი“ მრევლის ნაწილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული და წარმოუდგენელია სიწმინდეზე ძირმაგარა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბორჯომ-ბაკურიანის ეკლესია-მონასტრების მრევლი ვადევნებთ თვალყურს ბორჯომის ეპარქიაში დატრიალებულ მოვლენებს.
დღეს სიტუაცია უკვე იმდენად ჩიხში შევიდა და იმდენად დაიძაბა, იმხელა ლანძღვა-გინება, თითის გაშვერა და ცილისწამება წამოვიდა ჩვენს სულიერ მამებზე, რომ ჩვენ, ბორჯომის მრევლის დიდი ნაწილი ვითხოვთ პასუხს რიგ კითხვებზე; იმაში ალბათ ყველა დაგვეთანხმებით, რომ ბრმა-ყრუობის პერიოდიდან დიდი ხანია გამოვედით. 21-ე საუკუნის პირობებში საქართველოში იგმობა ერთსქესიანთა ქორწინება, მამათმავლობა და სხვადასხვა ფსიქიკურ-სექსუალური გაუკუღმართება. 

ბორჯომში თვეების წინ მოვლენები ასე განვითარდა: მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, ამხილეს რა ადამიანისათვის და მითუმეტეს მიტროპოლიტისათვის შეუსაბამო საქციელში, სასწრაფოდ ტოვებს ეპარქიას. ეპარქიაში ხალხი იწყებს ქუჩაში გამოსვლას და მოითხოვს მეუფის უკან დაბრუნებას. სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს მეუფის ე.წ.მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, ჩვენ კი ჩვენი ცილისწამების ქარცეცხლში უსამართლოდ მოყოლილი ჩვენი მოძღვრების კურთხევას ვასრულებთ და დღემდე ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, რომელიც უკვე ბევრს ჯანმრთელობის ფასად უჯდება.
ამდენი შეურაცხყოფა, ტალახი და მუქარა წამოვიდა ყველაზე აქტიური მეუფის დამცავი ლია წიქარიშვილის მხრიდან, რომელიც თავის სოციალურ გვერდზე ლანძღვა-გინებას-მუქარას აღარ აკლებს ჩვენს მოძღვრებს. 

ჩვენს მოთმინებას ამოეწურა საზღვარი, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვთ პასუხი გაგვცენ შემდეგ კითხვებზე: ვინ არის ლია წიქარიშვილი, რომელიც ამდენის უფლებებს აძლევს თავის თავს, ჩამოაბრძანეთ საქართველოში და წარსდგეს იმ სასამართლოს წინაშე თავის დამქაშებთან ერთად, რომელსაც მალე მივმართავთ მრევლის სახელით. 

ჩვენ გვაქვს სრული კონსტიტუციური უფლება პასუხი გვქონდეს შემდეგ კითხვებზე: 1. 21-წლიანი ეპარქიის ხელმძღვანელობის შემდეგ, თუ ეს ყველაფერი უსუსური ბრალდება და ცილისწამებაა, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე ჯოჯუა. 2. თუ იგი მართლა დამნაშავეა, რატომ უნარჩუნებს საპატრიარქო ხარისხს და აგზავნის გერმანიის და ავსტრიის ეპარქიების ხელმძღვანელად. 3. რატომ არ ღებულობს კონკრეტულ პიროვნებას გერმანია-ავსტრიის სასულიერო დასი და მრევლი (გაეცანით მამა თამაზ ლომიძის წერილს). 4. მრევლისაგან, რომელიც სერაფიმე ჯოჯუას დამცველად ევლინება, რატომ მოდის ამდენი ბილწსიტყვაობა, მუქარა, თითის გაშვერა, რატომ დუმს ამაზე კომპეტენტური ორგანო? 6. კატეგორიულად ვითხოვთ, დაუდასტურონ ყველა ის ბრალდება ჩვენს მამაოებს, რომლებიც ეს დღეებია ვრცელდება სოციალური ქსელებით. თუ მართალია ყოფილი მიტროპოლიტი და ეს ყველაფერი ცილისწამებაა, გაარკვიოს სასამართლომ, და მას აღუდგეს ხარისხი და დააბრუნონ ეპარქიაში, ხოლო თუ ეს ასე არაა, ვითხოვთ პასუხი აგოს ყველამ იმ ცილისწამებაზე, რაც ეს დღეებია ტრიალებს სოციალურ ქსელში ჩვენი სულიერი მამების მიმართულებით.

ამ პოსტს ხელს აწერს ასობით ადამიანი, ხელმოწერებს შესაბამის ორგანოში წარვადგენთ. აქ უკვე საქმე ეხება ასობით და ათასეულ დედა ეკლესიის წიაღში დაბრკოლებულ ადამიანს. უფალი ბრძანებს სახარებაში: თუ ვინმე ერთ მცირეთთაგანს დააბრკოლებს თავის საქციელით და ხელს შეუშლის ღვთისკენ სავალ გზაზე დამდგარ ადამიანს, და ეს ჩვეულებრივ ადამიანს ცოდვად შეერაცხება, ხომ ორჯერ მეტად მოეკითხება ადამიანთა მოდგმის დაბრკოლება, ღვთისგან ხელდასხმულ სასულიერო პირს და მითუმეტეს ეპისკოპოსს?“ - ნათქვამია წერილში, რომელიც მრევლის სახელით ვრცელდება.